იყავით დაცული ფინანსური და საგადასახადო რისკებისგან

აუდიტორული ფირმების საქმიანობის ხარისხს სახელმწიფო გააკონტროლებს

აუდიტორული ფირმების საქმიანობის ხარისხს სახელმწიფო გააკონტროლებს

აუდიტორებზე – აუდიტორულ ფირმებზე, პროფესიული ორგანიზაციების საქმიანობაზე ზედამხედველობას, ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის სტანდარტების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობას სამომავლოდ პროფესიული ორგანიზაციების მაგივრად სახელმწიფო განახორციელებს. ამას „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელსაც ფინანსთა სამინისტროში შექმნილი დროებითი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ამუშავებს.

როგორც  ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, კანონპროექტის მიხედვით, ამ მიზნით შეიქმნება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სააგენტო. რა დაჯდება ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფინანსება, ცნობილი არ არის.

კანონპროექტის მიხედვით, გარკვეულ ფუნქციები, რომელსაც დღეს “საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია” ახორციელებს, სააგენტოს უფლებამოსილებაში გადავა. საუბარია ხარისხის კონტროლზე, აუდიტორთა რეესტრის წარმოებაზე, პროფესიული დოკუმენტების თარგმნაზე, პროფესიულ სერთიფიცირებაზე და ა.შ.

„მომავალში, სწორედ აღნიშნული სააგენტო განახორციელებს აუდიტორებზე/აუდიტორულ ფირმებზე, პროფესიული ორგანიზაციების საქმიანობაზე ზედამხედველობას, ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის სტანდარტების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების აღსრულებას“,- აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში.

კანონპროექტის პირველადი ვარიანტის მიხედვით,  სააგენტოს ეყოლება აღმასრულებელი დირექტორი და საბჭო, რომელსაც ასევე ხელმძღვანელობს სააგენტოს დირექტორი. საბჭოს თავმჯდომარის გარდა საბჭოს დარჩენილი 6 წევრიდან 1 წევრის კანდიდატურას წარადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო, 1 წევრს – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, 1 წევრს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური, 1 წევრს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საბჭოს დანარჩენი 2 წევრს პროფესიული ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან წარადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საკანონმდებლო ცვლილებებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ევროდირექტივების მოთხოვნებთან დაახლოების ბოლო ვადად, განსაზღვრულია 2017 წლის სექტემბერი.

მათივე ინფორმაციით, პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის განხილვა და მიღება, სავარაუდოდ, არ გასცდება მიმდინარე წლის მაისი-ივნისის პერიოდს.

უწყების ინფორმაციით, უწყებათაშორისმა ჯგუფმა აღნიშნული კანონპროექტი შენიშვნებისთვის გაუგზავნა როგორც პროფესიულ ორგანიზაციებს, ისე რიგ სამინისტროებს, მსოფლიო ბანკს, აუდიტის სახელმწიფო სამსახურს, იუსტიციის საბჭოს, ეკონომიკურ საბჭოს, ეროვნულ ბანკს და სხვა სახელმწიფო უწყებებს. ამჟამად, ჯგუფს მიღებული აქვს მოსაზრებები ყველა პროფესიული ორგანიზაციისგან და მსხვილი აუდიტორული ფირმებისგან, მსოფლიო ბანკისგან და რიგი სახელმწიფო უწყებებისაგან. ამ ეტაპზე, უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კანონპროექტზე მუშაობა გრძელდება.

„საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია“, რომელსაც კანონის ამოქმედების შემდეგ გარკვეული ფუნქციები ჩამოერთმევა, სახელმწიფო მარეგულირებლის შექმნას ეთანხმება, თუმცა, კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს.

ფედერაციაში სააგენტოს დაფინანსების წყაროების უფრო მეტად დაზუსტებას მოითხოვენ. კანონპროექტის მიხედვით, საზედამხედველო სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; სახელმწიფო შეკვეთით შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული დონორის მიერ გაცემული გრანტებით; საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

„რეგულირების პროცესში, კანონის პროექტით, მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს მინიჭებული სააგენტოს, რომელთა სრულყოფილად განხორციელება შესაბამის ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. მიზანშეწონილია კანონში უფრო ნათლად ჩანდეს სააგენტოს დაფინანსების წყაროები“,- აცხადებენ “ბაფ”–ში.

ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ კანონი მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს ევროდირექტივების მოთხოვნებთან, თუმცა, არ უნდა იყოს დირექტივებზე უფრო მკაცრი.

„ეს განსაკუთრებით ეხება ფინანსურ ანგარიშგებასთან ასოცირებული ინფორმაცის გახსნას, სადაც საშუალო საწარმოებისთვის მეტი მოთხოვნაა დადგენილი, ვიდრე დირექტივა განსაზღვრავს. მაშინ, როდესაც იურისდიქციას ზოგიერთი ინფორმაციის წარდგენისაგან გათავისუფლების უფლებაც კი აქვს“,- აცხადებენ ფედერაციაში.

მათივე თქმით, კანონი სხვადასხვა მიმართულებით დახვეწას საჭიროებს.

„ფუნქციები, რომელიც წარმოდგენილი კანონის პროექტით სააგენტომ უნდა შეასრულოს, ამჟამად “ბაფ”–ის მიერ ხორციელდება და გამოცდილება გვკარნახობს, რომ სააგენტოს მიერ ამ ფუნქციების განხორციელების დაწყება შეუძლებელი იქნება კანონის მიღებიდან უახლოეს 1 წელიწადში. ეს პერიოდი საჭირო იქნება სააგენტოს საბჭოს წევრებისა და სპეციალისტების დასაკომპლექტებლად, იმ ნორმატიული აქტების მოსამზადებლად, რომელიც კანონის პროექტშია მინიშნებული და რომელთა არსებობა აუცილებელი იქნება სააგენტოს ფუნქციების შესასრულებლად“,- აცხადებენ ბაფში.

ფედერაციას პროფესიულ სერტიფიცირებასთან დაკავშრებითაც აქვს შენიშვნები:

„ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით კანონის პროექტში ასახულ იდეას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის- მიერ აუდიტორების სერტიფიცირების დაკანონების შესახებ, მაგრამ ვფიქრობთ, გასაანალიზებელია რამდენად აუცილებელია ამის გაკეთება. ან რამდენად ეფექტური იქნება ამ მიზნით გაწეული ხარჯი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან.

ჩვენ არ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ პროფესიული ორგანიზაცია დაავალდებულოს კანონმა სერტიფიკატი გასცეს იმ პირზე, რომელსაც მასთან სერტიფიცირების პროცესი არ გაუვლია.

ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ შემუშავებული განათლების სტანდარტების ფონზე, არამიზანშეწონილად მიგვაჩნია სააგენტოს მიერ განათლების სტანდარტების შემუშავება-დაწესებაზე ფულადი და ადამიანური რესურსების ხარჯვა. უფრო მართებული იქნებოდა IFAC-ს მიერ შემუშავებული განათლების სტანდარტების გამოსაყენებლად აღიარება“,- აცხადებენ “ბაფ”–ში.

რაც შეეხება მომსახურების ხარისხის კონტროლს, ბაფი მიესალმება ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის გადატანას სააგენტოს კომპეტენციებში. თუმცა, ფედერაციაში მიაჩნიათ, რომ კანონის პროექტი ამ ნაწილში გარკვეულ დახვეწას მოითხოვს. კერძოდ:

„აუცილებლად ვთვლით ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განმახორციელებელ პირთა (შემმოწმებლების) ერთიანი სახელმწიფო რეესტრის არსებობას. ასეთ პირთა სერტიფიცირების წესების დადგენის, ან სერტიფიცირების გარეშე შერჩევა და რეესტრის წარმოება უნდა გახდეს სააგენტოს ფუნქცია. სააგენტოს უნდა ჰქონდეს მასერტიფიცირებელი პირის აღიარების, სასერტიფიკაციო მოთხოვნების და წესების დადგენის პრეროგატივა.

კანონმა უნდა დაადგინოს თუ სად შეეძლება აუდიტორს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგის გასაჩივრება, მაშინ როცა ფუნქცია დელეგირებული იქნება პროფესიულ ორგანიზაციებზე“,- აცხადებენ ფედერაციაში.


დატოვეთ კომენტარი

ვალუტის კურსი

prime baner

ბანერის ადგილი